მინისტრის აპარატი: საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ა.წ. 8 მაისს უკანონოდ გამართული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს”, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამგვარი ქმედებების და მათი შედეგების ლეგიტიმურობას.

“მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21იანვრის გადაწყვეტილებით ცალსახად დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე.

ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორ-განზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა”, – აღნიშნულია მინისტრის აპარატის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები