„თუ პლასტიკის მოხმარებას არ შევამცირებთ, დაბინძურებული ნიადაგი და წყალი გვექნება“ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, დაახლოებით, 4 000 000 პლასტიკის პარკი დალუქა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი ობიექტები შეამოწმა და სამართალდარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, პლასტიკის პარკების რეგულირებასთან დაკავშირებით კონტროლს პერმანენტულად ახროციელებს. 2018 წელს საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომლის საფუძველზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების წარმოება ნებადართული იყო. თუმცა, 2019 წლიდან საქართველოში, პლასტიკის პარკების წარმოება უკვე სრულად აიკრძალა, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. საქართველოში დღეს მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებაა შესაძლებელი. ამავე დროს წარმოების პროცესში საწარმოს შესაბამისი სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს, რომ მისი პროდუქცია ნამდვილად ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამნეტმა პარკების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირება მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. ჩვენ მიერ 51 საწარმო იყო იდენტიფიცირებული. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გარკვეული საწარმოები ან დაკეტილი იყო, ან პროფილი ჰქონდა შეცვლილი. სამწუხაროდ, 37 საწარმოში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ დაახლოებით 4 000 000 პლასტიკის პარკი დავლუქეთ. ასევე დალუქული იყო რულონები და ტომრები, რომელშიც უკვე სარეალიზაციოდ გამზადებული პარკები იყო. ამ დარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმები შევადგინეთ და ფაქტობრივად, სასამართლოს მივმართეთ. ახლა ყველა პროცესი სასამართლოშია გადანაცვლებული. მოსამართლე განხილვის შედეგად გადაწყვეტს, კომპანიებს სანქცია დააკისროს, თუ არა. ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა სანქციასთან ერთად, რომელიც 500 ლარია, ასევე იმ პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს, რომელიც ინსპექტირების პროცესში დავლუქეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მაკონტროლებელი უწყება, რომელიც უფლებამოსილია, შეამოწმოს, კოორდინირებულად მუშაობდეს. ჩვენ ყველა მაკონტროლებელთან ვმუშაობთ. ესენია საბაჟო დეპარტმენტი, რომელიც იმპორტის შემთხვევაში პარკების კონტროლს უზრუნველყოფს და ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც პარკების შესაბამისობაზე კონტროლს რეალიზაციის პროცესში ახდენენ. მაგალითად, მაღაზიებში, ბაზრობებზე კოტროლს მუნიციპალიტეტს მერიის შესაბამისი უფლებამოსილი პირები ახორციელებენ. თბილისში ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. კონტროლი რეგიონებშიც დაწყებულია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ბაზრობებზე, მარკეტებში კონტროლის გააქტიურება უფრო ინტენსიურად მოხდება. რაც შეეხება წარმოების ნაწილს – იცით, რომ საწარმოებს ზედამხედველობის დეპარტამენტი ამოწმებს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ, რომ ეს კომპანიები კიდევ ერთხელ შევამოწმოთ, ვიდრე ისინი შესაბამისობაში არ მოვლენ და კანონმდებლობის ნორმების დაცვა არ იქნება უზრუნველყოფილი“ – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.
მისივე თქმით, პლასტიკი გარემოს ერთ-ერთი დამაბინძურებელია.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პლასტიკის მოხმარებას არ შევამცირებთ, დაბინძურებული ნიადაგი, წყალი გვექნება. ეს შესაძლებელია, შემდგომში მიკროფრაგმენტების სახით ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს. ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.
პლასტიკი გარემოს ერთ-ერთი დამაბინძურებელია.თითოეულ ადამიანზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პლასტიკის პარკების შესყიდვასა და მოხმარებაზე მომხმარებლებმაც უნდა ვთქვათ უარი, ამისთვის არაჩვეულებრივი გამოსავალი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებია, რომელსაც ერთხელ ვყიდულობთ და დიდ ხანს მოვიხმართ.“ – განაცხადა კორკოტაძემ.
თამუნა შეყილაძე