„აიდიეს ბორჯომმა“ 49 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა

კომპანია “ბორჯომი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, შექმნილი ვითარების გამო, ქარხანაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში, იძულებული გავხდით, ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც, სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, კომპანიის თანამშრომლები „ბორჯომის“ ქარხანასთან აქციას მართავენ და მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, 29 აპრილს კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო, “აიდიეს ბორჯომის” საბანკო ანგარიშები გაიყინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები