განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასესხო შეთანხმებებთან დაკავშირებულ სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტზე – „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)” იმსჯელეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტი მიზნად საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას, მშენებლობას, რეკონსტრუქცასა და რეაბილიტაციას ისახავს.

„პროექტი განხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს 40 მლნ ევროს სესხის სახით, 10 მლნ ევროს კი – გრანტის სახით, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი გამოყოფს 40 მლნ ევროს სესხის სახით, 12, 5მლნ ევროს კი – გრანტის სახით”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, აქედან შეღავათიანი პერიოდია 5 წელი.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა. დღესვე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამას)”. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა უფრო ეფექტური და ინკლუზიური გახდეს. პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. სასესხო შთანხმების საფუძველზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სესხის სახით 358, 500, 000 ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 27, 5 წელია.

„პროგრამა მოიაზრებს ისეთი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა; ინკლუზიურობის გაზრდა ამავე სფეროებში ადამიანური კაპიტალისთვის გაწეული ხარჯების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ყველა მიმართულებით ციფრული სისტემების ერთმანეთთან კავშირის გაუმჯობესება”, -განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. პროგრამას, რომელიც 2028 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები