“მხოლოდ უკრაინისთვის, სხვა რამ რუსული სამხედრო გემის გზას ადგას!” – ზელენსკიმ უკრაინელ დეპუტატებს მიმართა
“დღეს ჩვენ, ყველას ერთი პარტია გვაქვს, და ეს პარტია უკრაინაა. გვაქვს ერთი ფრაქცია – უკრაინა. ერთი დიდი მონოუმრავლესობა – უკრაინა”, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველად, საკუთარი ქვეყნის კანონმდებლებს უმაღლეს რადაში.
“გთხოვთ, დამეთანხმოთ: როდესაც ამ დარბაზში ასეთი ერთობა სუფევს – ეს ფასდაუდებელია! ამ თითქმის ათი კვირის განმავლობაში მე მივმართე თემთა პალატას, აშშ-ის კონგრესს, ევროპარლამენტს, ბუნდესტაგს, ქნესეტს, სეიმს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარსა და პარლამენტს. მაგრამ თქვენთვის არ მომიმართავს და ეს არ არის უგულებელყოფა, არამედ, პირიქით – ეს არის თქვენდამი დიდი ნდობა. აქ ხართ და თქვენ მშვენივრად იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენ, ყველა ვართ ამ დიდი სახელმწიფოს მოქალაქეები და თქვენ მშვენივრად იცით, რა უნდა გააკეთოთ. მე მჯერა, რომ ამ თითქმის ათი კვირის განმავლობაში ეს არ შეცვლილა. ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენთვის ცხადი და უდავო გახდება შემდეგი.
თქვენ ხართ უკრაინის დიდი არმიის ნაწილი. თქვენი ფრონტი საკანონმდებლო ველია, სადაც თქვენ უნდა იმუშაოთ ჩვენი ხალხისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის. ისევე – როგორც ჩვენი ჯარი, ისევე – როგორც მთელი ქვეყანა. იმუშაოთ 24/7-ზე. დასვენების დღეების გარეშე, ზედმეტი ემოციების, ლოზუნგების და მსგავსის გარეშე. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი პარტია და ეს არის პარტია უკრაინა. ერთი ფრაქცია გვაქვს – უკრაინა. ჩვენ გვყავს ერთი მონოუმრავლესობა – უკრაინა. ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი. და ყველაფერი, რაც მას არ ეხმარება ან, ღმერთმა არ ქნას და ავნებს, აზიანებს, ასუსტებს ან ხლეჩს – უნდა ითქვას – არა! ეს წარსულში უნდა დარჩეს.
ისევე, როგორც ვიღაცის იმედები, მოვლენებს საიდანღაც მიადევნოს თვალი, ახლა დეპუტატის არყოფნას მხოლოდ ორი რამ ამართლებს: მისი მუშაობა საზღვარგარეთ ან რეგიონებში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის, ან მისი სიკვდილი სახელმწიფოს ინტერესებისთვის. სხვა რამე დღეს უკრაინას არ აინტერესებს. მას სხვა არ სჭირდება, მასში სხვა არ იქნება! სხვა, რუსული სამხედრო გემის გზას ადგას!
გთხოვთ, ნუ დაკარგავთ დროს არასაჭირო კანონებზე. სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ვიცი, რომ პროფესიონალი ხალხი ხართ, ამას გააკეთებთ. სახელმწიფო ელოდება. გთხოვთ, ნუ დაკარგავთ დროს, ჩემს დროს და უკრაინელი ხალხის დროს, მეორეხარისხოვან ინიციატივებზე და უმნიშვნელო რაღაცებზე. მეჩვენება, რომ კანონები უნდა იყოს დროული, ისევე როგორც ლენდ-ლიზი. ზუსტი, როგორც ჩვენი “სტუგნაა” და “ბაირაქტარი”. და სასარგებლო, როგორც “ნეპტუნი”. და დიადი, როგორც ჩვენი ჯარია. და დაემსგავსოთ უკრაინელ ხალხს, რომელიც ისტორიაში შევა!”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge