ბორჯომში მამაკაცმა სიდედრი ცემა ცოლი კი დაჭრა – შსს-მ სავარაუდო დამნაშავე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.