გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა თავისივე ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო – საზოგადოებას არ სჯერა იმის, რასაც ის და მისი მომხრეები აცხადებენ

პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო, რაც არ გამოუვიდა – საზოგადოებას არ სჯერა იმის, რასაც სააკაშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ომის პარტიას” პერსპექტივა აღარ აქვს.

“როცა წლების განმავლობაში უშედეგოდ იმუქრები აქციებით, ამას საზოგადოება ხედავს და „ომის პარტიას” რომ პერსპექტივა აღარ აქვს, თავადაც ხედავენ ამ პარტიაში.

სამწუხაროდ, პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო, რაც არ გამოუვიდა. შემდეგ იყო სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის სერია, რამაც შედეგი არ გამოიღო. ახლა ისევ პირველ ჩვენებაზე დაბრუნდნენ, რასაც, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება ჰქვია. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ არსებობს ოფიციალური მონაცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საზოგადოებას არ სჯერა იმის, რასაც სააკაშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ… მას რომ უცხოეთში ყოფნა სურს და არ უნდა ციხეში, ასე რამდენიმე ათასი პატიმარია, ვისაც ამის სურვილი აქვს. სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. მას უცხოეთში წასვლა რომ უნდა, ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები