რატი ბრეგაძე: ამერიკის საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, მათ შორის, პენიტენციური სისტემის მიმართულებით

ჩვენ ამერიკის საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, მათ შორის, პენიტენციური სისტემის მიმართულებით და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად იმ ნიშნულზე არის თანამშრომლობა, რომელზეც არასოდეს ყოფილა. ამისთვის ამერიკული მხარის მადლიერები ვართ. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი მეგობრების ნებისმიერ განცხადებას ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

„როდესაც 28 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მივიღეთ თავისი დანართით, ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. ყველა ის შეკითხვა, რომელიც სამედიცინო დეპარტამენტს აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, 30 აპრილს უკვე მივაწოდეთ სახალხო დამცველის აპარატს. არსებობს მონაცემები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და მხოლოდ პასუხის მიღებისა და არგუმენტირებული მსჯელობის შემდეგ არის შესაძლებელი შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. ასე ერთი გამოგზავნილი დასკვნით, რომლის მიმართაც არსებობს გარკვეული დამაზუსტებელი კითხვები, ბუნებრივია, ასე ზეპირად ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან მოქმედება აბსოლუტურად კორექტულია, ჩვენ საკითხი არ გადაგვიდია, ვიმოქმედეთ უმოკლეს ვადაში და ახლა სახალხო დამცველისაგან ველოდებით შესაბამის პასუხებს. პასუხების მიღების შემდეგ შეიძლება, საჭირო გახდეს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და ექსპერტებს შორის გასაუბრება. პოზიციების ერთობლივად შეჯერების შემდგომ, შესაძლებელი იქნება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები