ირაკლი ზარქუა: ფუჭ იმედებს ნუ აძლევენ პატიმარს, სააკაშვილმა უნდა გაითავისოს, რომ ის პატიმარია
ჯობს, ფუჭ იმედებს ნუ აძლევენ პატიმარს, მან უნდა გაითავისოს, რომ ის პატიმარია. კანონმდებლობის შესაბამისად, არგუმენტების საფუძველზე, დანაშაულის შესაბამისად ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მინიმუმ ექვს წელს სააკაშვილი გაატარებს იქ, სადაც უნდა იყოს და, მისივე განმარტებით, ეს არის სწორი და მართალი.
„ყველა პატიმრის ოჯახს, ალბათ, თავისი შვილი თუ ახლობელი უდანაშაულო ჰგონია. რეალობა ერთია და მეორეა სურვილი. რეალობა ისაა, რომ ამ ადამიანს [სააკაშვილი] მისჯილი აქვს როგორც ადგილობრივი, საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, მათ შორის, საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს უტყუარი მტკიცებულებების ჯაჭვია, რომლის მიხედვითაც სამართლიანად ზის ციხეში. მესმის ოჯახის, რომ უნდათ – გარეთ იყოს მათი ოჯახის წევრი, თუმცა, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, აქ სხვაგვარად ვერ იქნება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, მერამდენედ უნდა მოიტყუონ თავი? ულტიმატუმები იყო ის, კასკადი რომ იყო შიმშილობის, დაუმორჩილებლობას, რომ ქადაგებდნენ და ა.შ. რა შედეგი მიიღეს? – არაფერი. საზოგადოებამ, მათ შორის მისიანებმაც ზუსტად იციან, იმ წლების განმავლობაში რასთან ჰქონდათ საქმე. აქედან გამომდინარე, მცდელობები, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკონ ხელისუფლებას, გადაკეტონ გზები, ქაოსი შექმნან, არაფრის მომტანია. ჯობს, ფუჭ იმედებს ნუ აძლევენ პატიმარს, მან უნდა გაითავისოს, რომ ის პატიმარია, კანონმდებლობის შესაბამისად, არგუმენტების საფუძველზე, დანაშაულის შესაბამისად და ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.