შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, მილოშ ვისტრჩილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. მხარეებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ პროცესში მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობა იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება. შალვა პაპუაშვილმა კოლეგას ჩეხეთის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები