„ბიბილოვის და გაგლოევის ბედიც, სტატუსიც და მომავალიც კრემლზეა დამოკიდებული” – ზაალ კასრელიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების მეორე ტურზე
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების – ანატოლი ბიბილოვის და ალან გაგლოევის ბედიც, სტატუსიც და მომავალიც კრემლზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კასრელიშვილმა ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა, სადაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმეს და 8 მაისისთვის გადაწიეს. ე.წ. არჩევნების მეორე ტური გუშინ უნდა გამართულიყო.
„მოგეხსენებათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისგან გამიჯნეს და გადაიდო. გადაიდო ე.წ. არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 8 მაისს ჩატარდება. ეს ფაქტი ყურადღების ცენტრში მოექცა. თუ კრემლმა მათ ნება დართო, ე.წ. რეფერენდუმსაც ჩაატარებენ. ეს ამ დღეებში გაირკვევა. აქ 2 ვარიანტი შეიძლება, განვიხილოთ: ერთი ის, რომ ე.წ. რეფერენდუმი არც 8 მაისს ჩატარდება და ჩავთვლით, რომ ეს საქართველოსთვის პოზიტიური სიგნალია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კრემლში მათ არ მისცეს ნება, რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. იმას, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველო უყვარს და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე შესტკივა გული, ვერ დავიჯერებთ, მაგრამ ისეთი დრო დადგა, რუსეთს საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. ეს მას აძლევს შანსს, კავკასიური ომი თავიდან აიცილოს. მეორე ვარიანტია: ე.წ. არჩევნებიც, ე.წ. რეფერენდუმიც 8 მაისისთვის იმიტომ გადაიდო, რომ 9 მაისს რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ცრუ გამარჯვება უნდა იზეიმოს და ამას ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმის შედეგი გარნირად მიჰყვეს.
შეგვეძლო, ბიბილოვის და გაგლოევის დაპირისპირებაზე ბევრი გვესაუბრა, მაგრამ მათი შესაძლებლობების განხილვაში დროს არ დავახარჯავ, რადგან მივიჩნევთ, რომ მათი ბედიც, სტატუსიც და მომავალიც კრემლზეა დამოკიდებული. ეს ადამიანები თავისი ნებით ვერაფერს გადაწყვეტენ. მათი დაპირისპირება და ფსევდოდემოკრატიული არჩევნები საბჭოთა არმიის ერთ-ერთი ნაწილის დახურულ ტერიტორიაზე ზემდგომობისთვის ორი სერჟანტის ბრძოლას მაგონებს. მეორე საკითხია ბევრად უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი: აფხაზეთი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. ეს თავიდანვე ვიცოდით. ცხინვალის მოსახლეობის, ისევე -‘როგორც აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მომხრეა იმის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგეს, არის მეორე ნაწილი, რომელიც ამის კატეგორიული წინააღდეგია. აღვნიშნავ იმას, რომ, ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთიდანაც და ცხინვალიდანაც პოზიტიური მესიჯები მოდის. ველოდებით კონკრეტიკას: როდის და სად უნდათ შეხვედრა, რა თემებზე იქნება საუბარი. ჩვენი ორგანიზაცია ამისთვის მზადაა, სამოქალაქო, პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმები მომზადებული გვაქვს, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია, ჩვენ სახელმწიფოს სახელით ვერ ვილაპარკაებთ“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ანალიტიკოსი უკრაინაში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა.
„უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გვერდს ვერ ავუვლით. ახლა პოზიციური, ძალიან დაუნდობელი და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ასე იქნება ბოლომდე. ძალიან სისხლისმღვრელი ომი იქნება. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს ომი 9 მაისის შემდეგ დამთავრდება. უკეთეს შემთხვევაში, ომი 22 ივნისამდე, მადრიდის ნატო-ს სამიტამდე გაგრძელედება. შემდეგ შეიძლება, მოლაპარაკებებზე იყოს საუბარი იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ ყველა ომი მაინც მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო არსენალის 70 % უკვე გახარჯა. ფინანსები რამდენი დახარჯა, არავინ იცის. უკან დასახევი გზა აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან გაღიზიანებულია და ომის მიწურულს შეიძლება, აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს. უკან დასახევი გზა არც უკრაინას აქვს. ის ან ტერიტორიებს კარგავს, ამას აღიარებს და მარცხდება, ან ტერიტორიებს იბრუნებს, იმარჯვებს და თავის მომხრეებთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებაში წარმატებული, პერსპექტიული ქვეყნის იმიჯს იმკვიდრებს. უკან ნაბიჯს ვერცერთი გადადგამს. ამას შეიძლება, მოჰყვეს ბინძური ომის გამოყენება, ეს გამოიყენეს, ასევე – ქიმიის გამოყენება, ესეც გამოიყენეს. შედეგი არ დადგა, რადგან უკრაინა სერიოზული კონტრშეტევისთვის ემზადება“, – განაცხადა კასრელიშვილმა.