დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვით ბორდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ვიზიტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვითი ბორდის (დაცული ტერიტორიების მმართველი ორგანო ესტონეთში) თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ლაჰემას ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკუ ლამპმა და გარემოსდაცვითი ბორდის გენერალურმა დირექტორმა, რაინერ ვაკრამ მოაწერეს.

ესტონეთში, ლაჰემას ეროვნულ პარკში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რაც საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაჰემას ეროვნული პარკი ესტონეთში პირველი ეროვნული პარკია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებს შორის და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები