ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების შესაძლებლობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების შესახებ იმსჯელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე; გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს; გამარტივებული სერვისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია, თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციებს.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA), როგორც ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციის ინიციატივა, მიზნად ისახავს ევროში ელექტრონული გადახდების ჰარმონიზებული ერთიანი ბაზრის მუდმივ განვითარებას, სადაც ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრებას უკავშირდება გადახდის საერთო ევროპული სტანდარტების, წესების და პრაქტიკის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებს და ბიზნესს უსაფრთხო, კონკურენტული ღირებულების მქონე, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სანდო საცალო გადახდის სერვისებით ევროში.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA) აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს, ბიზნესს და საჯარო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, განახორციელოს საკრედიტო გადარიცხვები და პირდაპირი დებეტები იმავე ძირითადი პირობებით და იგივე უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მიუხედავად მათი მდებარეობისა ეროვნულ საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაერთიანებულია ევროპის შემდეგი სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო, სან მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს მიიღო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების, ასევე კომერციული ბანკების, ევროკავშირის პროექტის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
საკითხის შესწავლისას გათვალისწინებულ იქნა ევროკომისიის და HRVP-ის 2020 წლის მარტის ერთობლივ კომუნიკაცია – „აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ, მდგრადობის გაძლიერება – აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც უზრუნველყოფს ყველას“. კომუნიკაცია ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის SEPA-ში პოტენციურ გაწევრებას.
სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს წევრობა, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების წინაპირობებს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრებისთვის.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იმსჯელებს და დაამტკიცებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე რეკომენდაციებს.