დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ქართული დიასპორის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ფონდის გენერალური დირექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებულია 9 პროექტი.
„ამ პროექტში მთავარი ის არის, რომ ჩვენი მკვლევარები, რომლებიც საზღვარგარეთ წამყვან უნივერსიტეტებში არიან დამკვიდრებულები, არ წყვეტენ კავშირს სამშობლოსთან და მეტიც, ისინი გარკვეულწილად თავის გამოცდილებას ქართველ სპეციალისტებს უზიარებენ”, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა ფერეიდნული მეტყველება, ხოლო წელს დაფინანსდება ინგილოური დიალექტის კომპლექსური შესწავლა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, დიასპორის წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავების კუთხით ფონდის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა – მობილობის და საკონფერენციო გრანტები. მისი თქმით, მუშავდება ახალი მიმართულება უცხოეთში საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსების კუთხით. ჯაბა სამუშიას განცხადებით ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული თემატიკა საერთაშორისო დონეზე უფრო ფართოდ გავა.
ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ ფონდი ჩართულია Horizon Europe-ის საერთაშორისო პროგრამაში, რაც ქართველ მეცნიერებს ევროპული სამეცნიერო დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ფონდი, შესაძლებლობის ფარგლებში, დიასპორასთან დაკავშირებულ თემატიკაზე რამდენიმე პროექტს დააფინანსებს.
„მნიშვნელოვანი იქნება თუ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეძლებს კონკრეტულად დიასპორელებისთვის რამდენიმე პროექტის დაფინანსებას. კომიტეტი ფონდს ყველაფრით დაეხმარება, რომ ამ მიმართულებით თქვენი ახალი წამოწყება დიასპორებში გავრცელდეს და შესაბამისად, პროექტი იყოს წარმატებული”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.