ყულევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ამოიწმინდება სანიაღვრე არხები.
შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.
გზის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 439 484 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.