პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მოწვეულმა ექსპერტმა, მარკ ლანსიენმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში ჩაატარა. სწავლება პროგრამის „დანერგე მომავალი“ იმ ბენეფიციარებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებმაც მრავალწლოვანი ბაღები 2020 და 2021 წლებში გააშენეს.
დაგეგმილია სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება.
აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის – ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.