რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე კიევის ქმედებები „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს შეადარა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ იქ [მარიუპოლში] არიან სამოქალაქო პირები. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულები არიან, ისინი გამოუშვან. თუ არა და ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში, რომელიც ეფარება სამოქალაქო მოსახლეობას. ყველაზე მარტივი, რაც უნდა გაკეთდეს – გამოუშვან ეს ადამიანები. რა არის ამაზე მარტივი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლის ლიდერმა მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას დანაშაული უწოდა.
მანვე დასძინა, რომ რუსეთის მხარე კონტაქტშია მათთან, ვინც დარჩა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, ქარხანა სრულად იზოლირებულია და იქ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.