სოლოვიოვის მოკვლა არ იგეგმება, ის შესაძლოა, თავისით დაიხრჩოს – უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთს პასუხობს
უკრაინის უშიშროების სამსახური სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს, სერიოზული კომენტარი გააკეთოს რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება რუსეთის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ამზადებდა რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ინტერესით წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ კიდევ ერთი „კრეატივი“, რომელმაც „გმირულად დააკავა ნეონაცისტები“, რომლებიც უკრაინის დაკვეთით გეგმავდნენ „საზოგადო მოღვაწის“, ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას.
ვ. სოლოვიოვი არ არის საზოგადო მოღვაწე, არამედ ის არის რიგითი პროპაგანდისტი, გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებზე.
უკრაინის უშიშროების სამსახური არ აპირებს ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას. ამავდროულად, ფეიკებისა და ანტიუკრაინული ზიზღის რაოდენობის გათვალისწინებით, ის, შეიძლება, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი იაფფასიანი პროპაგანდისტული საქმიანობის „პროდუქტში“ “, – აღნიშნულია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული „ეფესბეს“ განცხადებით, მათ დააკავეს ნეონაცისტების ჯგუფი, რომელიც პუტინის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდა.