აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი უკრაინაში მიემგზავრებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი უკრაინას კვირას ეწვევიან. შეხვედრის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არ მგონია, რომ ეს დიდი საიდუმლო იყოს, თუმცა, არ ვიცი, ხვალ ჩვენთან ხალხი ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მე მექნება შეხვედრა თავდაცვის მინისტრსა და სახელმწიფო მდივანთან, ბლინკენთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მოგეხსენებათ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი გახლავთ, ხოლო ენტონი ბლინკენი – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ამჟამად, აშშ-ს ოფიციალურად არ გამოუცხადებია აღნიშნული ვიზიტის შესახებ.
„ჩვენ დაველოდებით, სანამ უსაფრთხოება მოგვცემს საშუალებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც ჩამოვიდეს ჩვენთან და მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს“, – დასძინა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება იარაღის მიწოდებაზე და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინას – მიეწოდებინა იარაღი, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
„ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერია მსოფლიოში და ზოგჯერ სწორედ ის ახდენს გავლენას, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ სახელმწიფოს იარაღის მიწოდება ამა თუ იმ ქვეყნისთვის“, – თქვა მან.