ვატიკანმა რომის პაპის და პატრიარქ კირილის შეხვედრა გააუქმა
ვატიკანმა რომის პაპის და რუსეთის პატრიარქის კირილის შეხვედრა გააუქმა, რომელიც ივნისში იერუსალიმში უნდა გამართულიყო.
ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ გაზეთ la Nacion-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია პატრიარქ კირილთან მეორე შეხვედრის გაუქმება, რომელიც ივნისში გვქონდა დაგეგმილი იერუსალიმში. ჩვენმა დიპლომატიამ გააცნობიერა, რომ ამ დროს ჩვენმა შეხვედრამ შესაძლოა, დიდი დაბნეულობა გამოიწვიოს”, – თქვა მან.
აპრილის დასაწყისში ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ პაპის და პატრიარქის შეხვედრა შესაძლოა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდეს, “ეს არის მთავარი პირობა”.
ორივე მხარე სავარაუდო ადგილის სახით ახლო აღმოსავლეთს განიხილავდა, აპრილის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვატიკანი შეხვედრის გამართვის ადგილად იერუსალიმს განიხილავდა.