შმიგალი: უკრაინას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 4-5 მილიარდი დოლარი დასჭირდება

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის აღდგენას, სულ მცირე, 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

ამის შესახებ მან Spring Meetings 2022-ზე თქვა, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ვაშინგტონში ერთობლივად იყო ორგანიზებული.

ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა შმიგალმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის გეგმების შესახებ უამბო, რომელსაც უკრაინისა და მისი ეკონომიკის განადგურება უნდა, ასევე, მოუწოდა ქვეყნის მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსება.

„დაბლოკილია პორტები, ქარხნები განადგურებული, არის თესვის კამპანიის ჩაშლის მცდელობები, დანგრეულია ქალაქები. ეს ყველაფერი უკრაინის ეკონომიკის განადგურების გეგმის ნაწილია. ზარალი უკვე 500 მილიარდ დოლარზე მეტია. მშპ წელს შესაძლოა, 30-დან 50%-მდე დაეცეს. უკრაინას პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ასეთი მოკლევადიანი დახმარების ოდენობას ყოველთვიურად 4-5 მილიარდ დოლარად ვაფასებთ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ასეთი მხარდაჭერის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. შეიძლება, იყოს სესხის სპეციალური უფლებები, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი გასცემს.

რაც შეეხება ქვეყნის აღდგენის გრძელვადიან პერსპექტივას, შმიგალმა თქვა, რომ უკრაინის აღდგენა მინიმუმ 600 მილიარდი დოლარი დაჯდება.

“ასეთი რეკონსტრუქცია მოიცავს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენას, არამედ ახალი ეკონომიკისა და ახალი ევროპული ინსტიტუტების განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები