TasteAtlas-ზე მსოფლიოში საუკეთესო ყველიან კერძად მეგრული ხაჭაპური დასახელდა
TasteAtlas-ის ვებგვერდზე, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ტრადიციული კერძებია წარმოდგენილი, ყველიანი კერძების კატეგორიაში პირველ ადგილზე მეგრული ხაჭაპური გავიდა. საუკეთესო ყველიანი კერძი TasteAtlas-ის მომხმარებლებმა გამოავლინეს, ხმის მიცემა კი დარეგისტრირების შემთხვევაში ყველას შეუძლია.
მომხმარებლების გადაწყვეტილებით, საუკეთესო ყველიანი კერძების ოცეულში კიდევ ორი ქართული ხაჭაპური მოხვდა. კერძოდ, სვანური ხაჭაპური მე-12 ადგილზეა, ხოლო აჭარული ხაჭაპური მე-20 ადგილს იკავებს.
ეს ყველაზე მაღალრეიტინგული კერძების სიაა, ხოლო რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ კერძებს, აქ ქართული კერძებიდან მხოლოდ აჭარულ ხაჭაპურს ვხვდებით, რომელიც მე-5 ადგილზეა.
TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს აფასებენ და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
რაც შეეხება ყველიან კერძებს, TasteAtlas-ის მომხმარებლების გადაწყვეტილებით, საუკეთესო ხუთეული ასეთია:
1. მეგრული ხაჭაპური (საქართველო, რეიტინგი 5-დან 4,8)
2. Alevropita (საბერძნეთი, რეიტინგი 4,7)
3. Tirokafteri (საბერძნეთი, რეიტინგი 4,6)
4. Paneer tikka (ინდოეთი, რეიტინგი 4,6)
5. Cașcaval pane (რუმინეთი, რეიტინგი 4,6)