უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღითი დღე მცირდება სურვილი და რწმენა იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება რუსეთთან წარმატებით დასრულდება.
ამის შესახებ მან BFM TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ღირს თუ არა რუსეთსა და პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელება, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “რთულია ამის თქმა”.
„ძალიან რთულია ამის თქმა მას შემდეგ, რაც იყო, რაც მსოფლიომ დაინახა, თუ რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში. პრეზიდენტ პუტინთან დიალოგის გამართვის იმედები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მას შემდეგ, რაც არ არსებობს შედეგები დელეგაციებს შორის დიალოგში”, – თქვა მან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა, მისი ოფიციალური დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ესაუბრება.
“და ჩვენ პრინციპში მომხრე ვართ, რომ შედგეს შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების დონეზე, რადგან ამ ომის შეჩერება, ლიდერების დონეზეა შესაძლებელი. ასე რომ, ჯერჯერობით, დიახ. მაგრამ ყოველდღე, ყოველ ასეთ ბუჩასთან ერთად, ყოველ მარიუპოლთან, ყოველ ვოლნოვაჰასთან ერთად, ასეთი სურვილი და რწმენა, რომ მოლაპარაკებები შედეგის მომტანი იქნება, იკარგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge