როგორ უყურებს “საქართველოსთან სამომავლო” ურთიერთობას ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ალან გაგლოევი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ალან გაგლოევი აცხადებს, რომ, მისი “გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოსთან მომავალი ურთიერთობა დამოკიდებული იქნება თბილისის პოლიტიკაზე”.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში თქვა.
“ყველაფერი საქართველოს პოლიტიკაზეა დამოკიდებული. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ არჩევანი 1992 წელს გააკეთა. მაგრამ 2002-2003 წლამდე იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მიდიოდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც გვახსოვს, დასავლეთის მხარდაჭერით გაანადგურა ის, რაც რთული აღსადგენი იყო 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისის აგრესიის შემდეგ, რამაც 2004 და 2008 წლებში საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო აგრესია გამოიწვია. 2008 წლის ომის შედეგი იყო რუსეთის ფედერაციისა და რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება. ამჟამად, საქართველოსთან დიალოგი მიმდინარეობს ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. სხვა კონტაქტები არ არსებობს და შესაძლებელია თუ არა მათი არსებობა ისეთ ფორმატში, როგორიც 2004 წლამდე იყო, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”, – თქვა გაგლოევმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს ჩატარდება.
პირველი ტურის შედეგად, მოსახლეობამ არჩევანი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და ასლან გაგლოევს შორის უნდა გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გაგლოევი ლიდერობს, მას მხარი ამომრჩეველთა 36,9%-მა დაუჭირა, ხოლო ბიბილოვს – 33,5%-მა.