“სამხრეთ ოსეთი დონეცკსა და ლუგანსკს უნდა დაეხმაროს” – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გაგლოევი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი, ალან გაგლოევი აცხადებს, რომ ცხინვალი ვალდებულია, დაეხმაროს თვითგამოცხადებულ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებს.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში თქვა.
„რამდენიმე ასეული რუსი ბიჭი დაიღუპა ან დაიჭრა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სიცოცხლის შესაძლებლობისთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ომში. მე მჯერა, რომ რთულ დროს ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავუწიოთ დახმარება და მხარდაჭერა ჩვენს მოკავშირეებსა და ძმებს“, – განაცხადა მან.
გაგლოევის თქმით, „ოსები მეფის დროიდან არიან რუსეთთან, ისინი საერთო ღირებულებებისა და ინტერესებისთვის იბრძოდნენ“.
„და ჩვენი მოხალისეები დონბასში 2014 წლიდან იბრძვიან. „მოხალისეობის“ ცნებაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათი გაგზავნა პრეზიდენტის ნებაზე დამოკიდებული არ არის, ისინი შინაგან მოვალეობას გრძნობენ“, – თქვა გაგლოევმა.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ “დონეცკის, ლუგანსკის და სამხრეთ ოსეთის ბედი ბევრ რამეში მსგავსია”.
“იმათაც და ჩვენც რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი განვითარების გზა ავირჩიეთ და ეს ძალიან რთულად მოვიპოვეთ. დონეცკსა და ლუგანსკთან სამხრეთ ოსეთს ყოველთვის ექნება მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობა”, – თქვა მან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს ჩატარდება.
პირველი ტურის შედეგად, მოსახლეობამ არჩევანი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და ასლან გაგლოევს შორის უნდა გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გაგლოევი ლიდერობს, მას მხარი ამომრჩეველთა 36,9%-მა დაუჭირა, ხოლო ბიბილოვს – 33,5%-მა.