აგრარულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის პროცედურის მონიტორინგი – შესრულებული რეკომენდაციები, არსებული გამოწვევები და სამომავლო რეფორმა” – აღნიშნული საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„კანონმდებლობამ, არსებულმა პროგრამებმა, დონორების დახმარებით განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი ბაზისი შექმნა და ამავდროულად მოგვცა ძალიან საინტერესო მიგნებების გაკეთების საშუალება, რომლებიც ერთი მხრივ კომიტეტში დავამუშავეთ, მეორე მხრივ, ამ საკითხზე, არსებული გამოწვევებზე სამინისტროც მუდმივად მუშაობს, აღნიშნულ საკითხებზე კონცენტრირდება ასევე დონორების ნაწილიც, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეფორმა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე წარმატებით განვახორციელოთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა და იმედი გამოთქვა, რომ კოოპერატივების სიტემის რეფორმირებას ერთობლივი მუშაობით ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას და აღნიშნული მიმართულებით გაერთიანების სურვილს უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს.

სხდომაზე მოისმინეს არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკითხებზე მომზადებული ანგარიშები.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამის მენეჯერმა ვახტანგ მშვიდობაძემ ისაუბრა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის” ფარგლებში კოოპერატივების განვითარებისათვის განხორცილებული პროექტების გავლენის შესახებ, ხოლო პროექტი FinExCoop საქართველოს წარმომადგენელმა, იურისტმა მარიამ დარჩიამ კომიტეტის წევრებს გააცნო AFD/EU FinEXCoop-ის რეკომენდაციები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის შინაარსის თაობაზე – „უკეთესი სამართლებრივი გარემო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის საქართველოში”.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრესსა და კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან მიღებულ რეკომენდაციათა შესრულების თაობაზე სამინისტროს ხედვაზე ისაუბრა.

ნინო წილოსანის განცხადებით, სხდომაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხები გამოიკვეთა, რომლებსაც კომიტეტი აუცილებლად გაიზიარებს და კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივად აქცევს. „ახლებურად გავიაზრებთ გამოწვევებს და თქვენთან თანამშრომლობით ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები