უკრაინაში დაღუპულ დავით მენაბდიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ დავით მენაბდიშვილს რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.
ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის პატივის მისაგებად დილიდან სიონის ტაძარში მოქალაქეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და აქტივისტები მიდიან.
49 წლის დავით მენაბდიშვილი რუსულ აგრესიას ხარკოვთან, ქალაქ იზიუმში 21 წლის ნიკა შანავასთან ერთად შეეწირა. ორივე მეომარი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბატალიონში, კარპატსკი სიჩში ირიცხებოდა.
დავით მენაბდიშილი და ნიკა შანავა 9 აპრილს დანაყოფთან ერთად წარმატებული ოპერაციიდან ბაზაზე ბრუნდებოდნენ, როდესაც რუსებმა ტერიტორია დაბომბეს. ორი ქართველი ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
21 წლის ნიკა შანავას დღეს ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ვერ ხერხდება რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ოკუპანტების მიერ მოკლული კიდევ ერთი ქართველის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოტანა.