აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი რუსეთის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მხარდაჭერაში ვერაფერი შეაკავებს.
მისი თქმით, კრემლს არ უნდა უკვირდეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე აიღო.
„თუ კრემლის ბრალდება ის არის, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს დახმარებას გაუწევენ უსაფრთხოების სფეროში მილიარდობით დოლარით, ზუსტად იმას, რასაც უკრაინელი პარტნიორები ითხოვდნენ და რასაც უკრაინელი პარტნიორები იყენებენ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, მაშინ, ჩვენ დამნაშავეები ვართ წარმოდგენილ ბრალდებაში“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, რუსეთი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ უკრაინის შეიარაღება შეწყვიტოს. მათივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა არაპროგნოზირებადი შედეგების წინაშე აღმოჩნდება.