“ომი “თეთრი ოქროსთვის” – ბელარუსში შაქრის სარეალიზაციო ფასს ზრდიან, რომ რუსეთში მისი ექსპორტი არ მოხდეს
ბელარუსში მწარმოებლები შაქრის გასაყიდ ფასს გაზრდიან, რომ რუსეთში მისი ექსპორტი არ მოხდეს, სადაც “თეთრი ოქრო” დეფიციტშია და მისი ფასი ორჯერ არის გაზრდილი.
ამის შესახებ “ინტერფაქსი” ბელარუსული კონცერნის – Belgospischeprom-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„სარეალიზაციო ფასის მიმდინარე ცვლილება არის პრევენციული ღონისძიება. რუსეთის ფედერაციასთან ფასების ორმაგი სხვაობის ფონზე, ექსპერტები ბელარუსის ფარგლებს გარეთ შაქრის მასობრივი ექსპორტის შესაძლებლობას ვარაუდობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონცერნში აღნიშნავენ, რომ ბელარუსში შაქარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. თუ იანვარ-მარტში ერთ სულ მოსახლეზე თვეში შაქრის 1-1,5 შეკვრა იყიდებოდა, მარტში უკვე 3 კილოგრამი გახდა საჭირო.
„გასაგებია, რომ ასეთი მოცულობით შაქარს ერთი ადამიანი ვერ მოიხმარს. ამიტომ, დღეს ჩვენ იძულებულნი ვართ, შიდა ბაზრის დასაცავად, ზომები მივიღოთ და პროდუქციის გასაყიდი ფასი 1 კგ-ზე 60 კაპიკით გავზარდოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.