“უკრაინაში წლის ბოლომდე ინფლაციამ შესაძლოა, 20%-ს გადააჭარბოს” – უკრაინის ეროვნული ბანკი
უკრაინაში წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა, 20%-ს გადააჭარბოს, მაგრამ კონტროლირებადი დარჩება.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახური იტყობინება.
მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდა, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია მიწოდების ჯაჭვებისა და წარმოების პროცესების მოშლით, არათანაბარი მოთხოვნით, ბიზნესხარჯების გაზრდით, ასევე, საწარმოების აქტივების ფიზიკური განადგურებით.
აღინიშნება, რომ ქვეყანაში ფასები სურსათზე, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და საწვავზეა გაზრდილი.
ბანკის შეფასებით, ინფლაციური ზეწოლა მომავალშიც გაგრძელდება, პირველ ყოვლისა, სრულმასშტაბიანი ომის გამო.
“ამასთანავე, ფასების ზრდის შეკავება უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ბანკისა და უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული ზომებით. მათ შორის არის გრივნის კურსის დროებითი დაფიქსირება, გადასახადების შემცირება, იმპორტის არაპირდაპირი დაბეგვრის ჩათვლით, საბინაო და კომუნალური ფასების დაფიქსირება, ასევე, რიგ საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ადმინისტრაციული რეგულირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge