საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებები და მიღწევები გრძელდება
„ჩვენ გავწიეთ უმნიშვნელოვანესი სამუშაო დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. შედეგად, 2021 წელს, UNESCO-მ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს (მადათაფას და ბუღდაშენის ტბები), რამსარის კონვენციის სამდივნოს მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები ამ სტატუსს ფლობს 1996 წლიდან. 2019 წელს, მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა, როგორც 2019 წლის ევროპის საუკეთესო ეკოტურისტული ობიექტი (დაგეგმვა, განვითარება – ბუნების პირვანდელი სახის შენარჩუნებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილი წვლილი და მოსახლეობის ჩართულობა კანიონის განვითარებით მიღებულ შედეგებში).
ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ჯილდო დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს, დაჯილდოების ცერემონიაზე, მიმდინარე წლის 8 აპრილს საბერძნეთში გადაეცათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც არსებული, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მიმართულებით.
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორი დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების საშუალებით, ხორციელდება საინვესტიციო პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 142 900 000 ლარს შეადგენს. მათ შორისაა მრავალფეროვანი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წალკის კანიონზე, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარია. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KFW) 16 მილიონი ევროს ოდენობით, რაც სრულად მოხმარდება, როგორც არსებული, ასევე ახალი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
ცხადია, გაგრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
2021 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მიმდინარე პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოა, ის 55 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნული გრანტების ფარგლებში, 2022 წელს გრძელდება მუშაობა სხვადასხვა საგრანტო პროექტებზე, მათ შორის: შეიქმნება დაცული ტერიტორიების მობილური აპლიკაცია, გაგრძელდება IUCN Green List-ში დაცული ტერიტორიების ნომინაციის პროცესი და სხვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) და სხვა.