ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იორდანიის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიას მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იორდანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის „Roya TV“ პოპულარული გადაცემის „Helwa Ya Dona show“ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ, რომელსაც იორდანიაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.

„ჩვენი მიზანია პოტენციური ტურისტული ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება. ამჟამად ვმასპინძლობთ იორდანიიდან ერთ-ერთი რეიტინგული ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს, შედეგად 3 გადაცემა მომზადდება საქართველოს გამაჯანსაღებელი და კულტურული ტურიზმის მიმართულებით, რაც დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს იორდანიის ტურისტულ ბაზარზე მათთვის საინტერესო ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

პრეს-ტურის ფარგლებში ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის 4 წევრი თბილისს, მცხეთას, ბორჯომს, ახალციხეს დაათვალიერებენ და გადაიღებენ. მომზადებული გადაცემები საქართველოს კურორტებს, კულტურასა და სამზარეულოს დაეთმობა.

„პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომეწონა. აეროპორტიდანვე დავინახე, რომ თბილისი ძალიან მოწესრიგებულია. ჩვენი გადაცემა სამოგზაურო სეგმენტს ეთმობა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და ვფიქრობ, ჩვენი გადაცემა საქართველოს შესახებ გამორჩეული იქნება მდიდარი შინაარსით. დარწმუნებული ვარ, როგორც იორდანიიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან ჩვენი მაყურებელი საქართველოს კარგად გაიცნობს“, – აცხადებს ფოად ქარშეფი „Roya TV“-ის წამყვანი.

პრეს-ტური მიზანია იორდანიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლება, ცნობადობის გაზრდა და ახალი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტორთა მოზიდვა.

„Roya TV“-ის სოციალურ ქსელებში Facebook, Instagram, Youtube, Twitter ჯამში 17 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალებაა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები