საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა “გადაწყვიტა, რომ უკრაინაში არ გაჩერდება”, რადგან მას სამხედრო გამარჯვება სჭირდება.
ამის შესახებ მან Le Point-თან ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, რა გახდა უკრაინაში პუტინის შეჭრის მიზეზი, მაკრონმა თქვა, რომ მისი „წყენა პარანოიაში გადაიზარდა“.
“2014 წლის სანქციების შემდეგ, პუტინის იზოლაციამ მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. არც Covid-ის როლი უნდა დაკნინდეს, რადგან ბევრი ლიდერი მარტოობის ზღვარზე იმყოფებოდა… ის სოჭში თვეების განმავლობაში აღმოჩნდა, იზოლირებული იყო, ჩაიკეტა”, – განაცხადა მაკრონმა.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ დონბასზე თავდასხმის ფოკუსირებით რუსეთის პრეზიდენტი 9 მაისის სამხედრო აღლუმამდე გამარჯვების მიღწევას ცდილობს, რაც მისთვის და რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
”ასე რომ, მე ნაკლებად მჯერა ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მოკლევადიან პერსპექტივაში მივუსხდებით,” – თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც რუსული არმია ინტენსიურად ბომბავს, „შესაძლოა, ფიქსაციის წერტილია, რადგან ქალაქი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა“.