პაატა მანჯგალაძე: მხოლოდ ქუჩაში პერფორმანსებით ხელისუფლება არ შეიცვლება
“მარტივი ფორმულა მოიგონეს – ოპოზიცია რომ ვერ აღწევს წარმატებას ქუჩაში, გადააბრალონ საპარლამენტო საქმიანობას”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის ყველა ტრიბუნა უნდა იქნეს გამოყენებული.
“მხოლოდ ქუჩაში პერფორმანსებით ხელისუფლება არ შეიცვლება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა ხელისუფლებასთან ოპონირების. ეს ხალხი აკრიტიკებს ყოველთვის სხვას და არასდროს იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. მარტივი ფორმულა მოიგონეს – იმისთვის, რომ ოპოზიცია ვერ აღწევს წარმატებას ქუჩაში, გადააბრალონ საპარლამენტო საქმიანობას. ვურჩევ, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ ის პრობლემები, რატომაც ვერ ვცვლით ხელისუფლებას და არა ის, რომ ხელი შევაწმინდოთ სხვას და ყოველთვის სხვისკენ გავიშვიროთ ხელი”, – აცხადებს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: “ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი? ახლა თავის მართლების მოდური საბაბი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი გახდა”.