არჩილ თალაკვაძე: საქართველო ევროკავშირს ყველა ინფორმაციას დათქმულ ვადებში მიაწვდის

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარი სამი ძირითადი ბლოკისგან შედგება.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირს ყველა ინფორმაციას დათქმულ ვადებში მიაწვდის.

„კითხვარი სამი ძირითადი ბლოკისგან შედგება: პირველი – პოლიტიკური ბლოკი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეხება, მათ შორის, პარლამენტს და პარლამენტი იქნება ამ სამუშაოში ჩართული.

მეორე გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკი – როგორ ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკური სისტემა, ფინანსების მართვა, საბაჟო სამსახური და სხვა.

მესამე გახლავთ – სექტორული ბლოკი თითოეული მიმართულებით: სოციალური, კულტურული და სხვა მიმართულებებით, თუ როგორ არის ჩვენი სახელმწიფო როგორც რეგულაციების კუთხით ასევე ინსტიტუციის კუთხით წარმოდგენილი.

ჩვენ ყველა ამ ინფორმაციას ევროკავშირს დათქმულ ვადებში მივაწოდებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები