11 აპრილს კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნება

11-12 აპრილს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და
“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ერთობლივი ინიციატივით, კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია გაიმართება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი
და სფეროს ექსპერტი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან
(თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), არამედ ევროპიდან
და ამერიკიდანაც. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო
ასოციაციის (IPA) და „პენ ამერიკის“ წარმომადგენლებიც.
“უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების
გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები კონფერენციას ონლაინ შემოუერთდებიან,
შესაბამისად, ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. რუსეთი კი, რომელიც ასევე
შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, ბოიკოტის ნიშნად, კონფერენციაზე მოწვეული არ
იქნება.
კონფერენცია, ძირითადად, პანელ-დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული
იქნება შემდეგი საკითხები:
• თარგმნა: ენათა გადაკვეთა კულტურის ამოკვეთის გარეშე.
• ზღვარზე ‒ მწერლები სამხრეთ კავკასიიდან და შავი ზღვის რეგიონიდან განიხილავენ
რუსულ ექსპანსიონიზმს.
• კიევი, სოფია, ბუქარესტი, თბილისი ‒ ოთხი ლიტერატურული გაჩერება.
• როგორ ეხმარებიან აგენტები მწერლებს კარიერულ წინსვლაში
• რაშია გამოცემის თავისუფლების არსი?
• პანდემიის შემდეგ წიგნით ვაჭრობისთვის ნათელი მომავლის შენება.
• საავტორო უფლებები ‒ გამოწვევები და შესაძლებლობები.
• თარგმანების მზარდი პოპულარობა: ადგილობრივი და გლობალური ტალანტების
პაექრობა.
• დამოუკიდებელი გამომცემლობები ‒ ისტორიები გადარჩენასა და წარმატებაზე
კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა 60-მდე ქართველმა თუ უცხოელმა
გამომცემელმა.
კონფერენცია 11 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება. კონფერენციას გახსნიან საქართველოს
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა
ჯობავა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი და
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ კასიმი.
ღონისძიებას სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები