„საწვავს ვპარავდით რუსებს, რომ კატასტროფა არ დაგვეშვა“ – რა ხდებოდა ჩერნობილში რუსების შეჭრის დროს

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური, რომელიც ბელორუსის საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, რუსულმა ჯარმა დაიკავა. დღეს, ის კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა და BBC-ის კორესპონდენტმა იოგიტა ლიმაიემ ერთ-ერთი იმყოფებოდა ადგილზე. ის გაესაუბრა აეს-ის თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, ობიექტის უსაფრთხოება დაეცვათ. ისინი ყვებიან, თუ რა ხდებოდა სადგურის აღების დროს.

რუსული ჯარები, ჯავშანტექნიკის გამოყენებით შეიჭრნენ უკრაინაში მეზობელი ბელორუსის ტერიტორიიდან და პირველ რიგში მძევლად აიყვანეს 170 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც აეს-ს იცავდნენ და სადგურის სარდაფში ჩაკეტეს, რის შემდეგაც ტერიტორია გაჩხრიკეს ასაფეთქებლისა და საბრძოლო მასალის ძიებაში.

სარდაფი, სადაც უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ჰყავდათ დატყვევებული

ინჟინრებსა და სხვა ტექნიკურ პერსონალს მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

„სამხედროებს სურდათ გაეგოთ როგორ იმართება აეს-ი, უნდოდათ საბუთების მიღება და მე ძალიან მეშინოდა, ვინაიდან დაკითხვები გამუდმებით გრძელდებოდა, ხანდახან ძალის გამოყენებით“, – აცხადებს სადგურის რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ლობადა.

ორი დღის შემდეგ ჩერნობილში „როსატომის“ სპეციალისტთა ჯგუფი ჩავიდა.

ალექსანდრ ლობადა

მიუხედავად იმისა, რომ ატომური ელექტროსადგური გამორთულია, იქ დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნარჩენები ინახება და ელექტროსადგურის აღჭურვილობას მუდმივი მოვლა სჭირდება.

1986 წლის კატასტროფის შემდეგ მილიარდობით დოლარი დაიხარჯა მისი გამორთვის და რადიაციის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. უსაფრთხოების ზომების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი სერიოზული რადიაციის გაჟონვა. სწორედ ამიტომ, ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები, სადგურის აღების შემდეგაც, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ვითარება კონტროლის ქვეშ მოექციათ.

საოპერაციო ოთახები, საიდანაც ხორციელდება ძირითადი კონტროლი, განლაგებულია ატომური ელექტროსადგურის შენობის ბოლო სართულზე გრძელი ვიწრო დერეფნის ორივე მხარეს. ზოგიერთი ოთახი ჩაკეტილი იყო. გასაღებები რომ ვერ იპოვეს, რუსმა სამხედროებმა კარები უბრალოდ შეამტვრიეს.

„მათთან გამუდმებით გვიწევდა ვაჭრობა და ამავდროულად ვცდილობდით, არ გვეწყენინებინა მათთვის, რათა თანამშრომლებისთვის თავიანთი მოვალეობის შესრულების საშუალება მიეცათ“, – ამბობს ინჟინერი ვალერი სემენოვი.

ვალერი სემენოვი
როდესაც სადგურზე ელექტროენერგია სამი დღით გაითიშა, ვალერის სასწრაფოდ უნდა მოეძებნა საწვავი ელექტროგენერატორისთვის, ხშირად საწვავს ის რუს ჯარისკაცებსაც კი ჰპარავდა.

„ჩვენ რუს ჯარისკაცებს საწვავს ვპარავდით, რომ კატასტროფა არ მომხდარიყო. ელექტროენერგია რომ დაგვეკარგა, შესაძლოა, კატასტროფა მომხდარიყო. შეიძლება მომხდარიყო რადიოაქტიური მასალების გაჟონვა და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის. მე ვერ შევძლებდი აღჭურვილობისთვის თვალყურის დევნებას. მეშინოდა, რომ ეს ტრაგიკულად  შემოტრიალდებოდა მთელი კაცობრიობისთვის“,- განმარტავს ალექსანდრე ლობადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები