ლენდ-ლიზი: აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის სწრაფი მიწოდების შესაძლებლობას იძლევა
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ლენდ-ლიზის პროგრამას აღადგენს.
კანონი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უკრაინას იარაღი და სხვა აღჭურვილობა უფრო სწრაფად გაუგზავნოს, ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ამის შესახებ Politico წერს.
“სენატორებმა სწრაფად დაუჭირეს მხარი წინადადებას, რომელიც ცნობილია, როგორც ლენდ-ლიზი, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ, შეეწინააღმდეგონ რუსეთის ჯარებს, რომლებიც უკრაინის ქალაქებს თებერვლის ბოლოდან ბომბავენ”, – წერს გამოცემა.
აღინიშნება, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა არაორდინალურ ტაქტიკას მიმართეს, რომელიც უკანასკნელად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა უკრაინაში მასობრივ ხოცვა-ჟლეტას “ნამდვილი ბოროტება” უწოდა და დასძინა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში გენოციდს ახორციელებენ.
„როდესაც ჩვენ ვკლავთ უდანაშაულო მოქალაქეებს იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი, იქნება ეს მათი რელიგია, რასა თუ ეროვნება, ეს არის გენოციდი და ამაში ბატონი პუტინია დამნაშავე”, – თქვა მან.
ახლა კანონპროექტს მხარი წარმომადგენლობითმა პალატამ უნდა დაუჭიროს.
Lend-Lease არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებს საბრძოლო მასალებს, აღჭურვილობას, საკვებს, სამედიცინო აღჭურვილობას და მედიკამენტებს, სტრატეგიულ ნედლეულს, მათ შორის, ნავთობპროდუქტებს აწვდიდა.
ამ პროგრამის კონცეფციამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს მისცა უფლებამოსილება, დახმარებოდა ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის დაცვაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ქვეყნისთვის.
უკრაინასთან დაკავშირებით ლენდ-ლიზის კანონპროექტი ამერიკელმა სენატორებმა იანვარში მოამზადეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge