რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც ჯონსონი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ თუ რუსი ხალხი ნახავს მიმდინარე მოვლენებს, მის ომს მხარს არ დაუჭერენ.
„რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ნაწილებში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს, ხელებშეკრულები დახვრიტეს. ქალები შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეულები სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს, ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი და გამაოგნებელია, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს.
თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ დაინახავდით რა ხდებოდა, მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც სამხედრო სამსახურში წასვლის დროს ამაყად ემშვიდობებოდა შვილს და მან იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, სანამ ეს ომი გრძელდება. მაგრამ მხოლოდ ჩემს სიტყვებს ნუ დაიჯერებთ. რაც თქვენ გჭირდებათ, „ვიპიენ“ კავშირია, რათა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოთ და როდესაც სიმართლეს აღმოაჩენთ, გააზიარეთ ის. პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორია დაიმახსოვრებს, თუ ვინ არ იმჩნევდა ამ ყველაფერს. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.