უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ევროკავშირის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა.
ამასთან, როგორც ევროკავშირი აცხადებს, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინულ ქალაქებში, განსაკუთრებით კი ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ მიიღეს.
„ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებით“,- აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.