უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვას ითხოვს.
როგორც მან გაეროსადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, თუ გაეროს არ სურს, რომ მშვიდობისთვის იმუშავოს, მაშინ უნდა დაიშალოს.
„საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს ვეტოს სიკვდილის მექანიზმად აქცევს და ძირს უთხრის მთელ გლობალურ უსაფრთხოებას, რაც ბოროტებას დაუსჯელად დარჩენის საშუალებას აძლევს. თუ ასე გაგრძელდება, საბოლოო ჯამში, თითოეული სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ იარაღის ძალას დაეყრდნობა, საერთაშორისო კანონმდებლობა და საერთაშორისო ინსტიტუტები კი ძალას დაკარგავს, გაერო შეიძლება დაიხუროს.
ახლა ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოქმედება გვჭირდება, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. თუ არ იცით როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება, მაშინ ან რუსეთი უნდა გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან ან გაერომ რეფორმირება დაიწყოს და რეალურად იმუშაოს მშვიდობისთვის ან იგი საერთოდ უნდა დაიშალოს. დარწმუნებული ვარ, გამოსავლის მოძებნა მესამე ვარიანტის გარეშეც შეგიძლიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.