აგრარულ საკითხთა კომიტეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურების საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ეხებოდა სამ მიმართულებას: 1. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას;

2. ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობას;

3. ქვეყანაში მცენარეთა დაცვას და ფიტოსანიტარიულ კეთილსაიმედოობას. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო საქმიანობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად ახორციელებს, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია: ბაზარზე ვითარების გაჯანსაღება და სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვა,
ნდობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ქვეყნის დაცვა ცხოველთა სხვადასხვა დაავადებისაგან და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

„იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში მოგვიწია მუშაობამ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი პირადი ვალდებულებების გარდა, დამატებით უამრავი სამუშაოა შეასრულა. ამის მიუხედავად, შევძელით 2021 სამეურნეო წელი წარმატებით დაგვემთავრებინა. როდესაც წარმატებულ სასოფლო-სამეურნეო წელზე და წარმატებულ ექსპორტზე ვლაპარაკობთ, აქ დიდია როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე სახელმწიფო ლაბორატორიის წილი.

როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების არნახულ ზრდაზე როგორც ღირებულებით, ისე ნატურალურ გამოსახულებაში, ეს არის მათი თანამშრომლების შრომა, ასევე ერთ ფანჯრის პრინციპი, რომელშიც ჩართულია აგრეთვე საბაჟო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა და სწორედ ერთობლივმა მუშაობამ მოგვიტანა წარმატებები.
მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიას, რომელიც ყოველწლიურად ძლიერდება, ემატება ახალ-ახალი შესაძლებლობები, მუდმივად ხდება მისი გაუმჯობესება და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ რეფერენს-ლაბორატორიის სტატუსს, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც აღიარებული იქნება, რაც ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანამ ძალიან რთული პერიოდი გაიარა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო უკვე იზიარებს ქართველი სპეციალისტების გამოცდილებას, აზიური ფაროსანას მართვის მეთოდებს.
„ჩვენს სპეციალისტებს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იწვევენ”,-განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამსახურების ყველა ქმედება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის თანხვედრისკენაა მიმართული. მისი ინფორმაციით, 2027 წლამდე ქვეყანას 272 დოკუმენტთან დაახლოების გეგმა აქვს და ეს გეგმა წარმატებით სრულდება. გიორგი ხანიშვილის განცხადებით სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ხარჯები და ამ მიმართულებით პარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სურსათის სამსახურის გასაძლიერებლად, რომ ჩვენმა ბიზნესმა რაც შეიძლება წარმატებით შეძლოს ბაზარზე ორიენტირება, ევროპულ ბაზრებზე გადართვა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ ევროკავშირის დაჩქარებულ წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ვცდილობთ დონორებთან ვიმუშაოთ, სწრაფად მოვიზიდოთ რესურსები და რაც შეიძლება მალე გავიაროთ გზა აღნიშნული მიმართულებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, რომ მივიდეთ გამარჯვებამდე, ზოგიერთი პროგრამა რამდენიმე ათეულ წელზეა გაწერილი, თითოეული ნაბიჯი რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის იმ ხელშეკრულებებიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთვის სახელმძღვანელოა. შესაბამისად, გვაქვს პარლამენტის თანადგომის იმედი”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს და კომიტეტს, სამინისტროს, მისი ცალკეული სტრუქტურების მიმართ მხარდაჭერისთვის. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ გამჭვირვალე, მივიღოთ ყველა რეკომენდაცია და შევძლოთ საქმიანობა გავაუმჯობესოთ იმ რეკომენდაციების მიხედვით, რასაც ვიღებთ ზოგადად პარლამენტიდან და, მათ შორის, ჩვენი პირდაპირი ზედამხედველის – დარგობრივი კომიტეტიდან”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა პარლამენტის წევრებს გააცნეს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების მიერ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის, ასევე ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის კუთხით 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს და მასში შედის როგორც ცხოველთა და მცენარეთა ლაბორატორიული კვლევა, ასევე სურსათის უვნებლობის ექსპერტიზა.
სხდომაზე სოფლის მეურნეობის კვლევების მიმართულებით კერძო ლაბორატორიების განვითარების მნიშვნელობაზეც გამახვილდა ყურადღება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, ნამდვილად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნა, რომ კომიტეტი კვლავაც მზადაა თანამშრომლობისათვის. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები