ზურაბ აზარაშვილი: საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტის მიმართ ინტერესი ერთ თვეში 17 000-მა ადამიანმა გამოხატა
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტი პირველ მარტს დავიწყეთ, ერთი თვე გავიდა და გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა, უკვე დაკონტრაქტებულია 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ეს შედეგი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტებში არიან დასაქმებულები.
„ისინი დასაქმებულები არიან ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარე, ასევე, საოფისე სამუშაოები, სხვადასხვა სატყეო სამუშაო, მუშაობენ ტერიტორიების კეთილმოწყობისა და გამწვანების მიმართულებით და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე ინფრასტრუქტურის კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული და საქმიანობის ფორმალიზებას მოახდენს. ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ასევე, საქმიანობის ფორმალიზება, ჯამურად, 2 300-ზე მეტმა პირმა აირჩია.