ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას

“მინიმუმამდე შემცირდება “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტნიორი პარტიის რესურსი, თუნდაც, მინიმალური შეფერხება შეუქმნან მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველო მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას განაგრძობს.

“შეგახსენებთ, რომ, ბათუმის არჩევნებში გამარჯვებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მანდატების უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, რაც იყო აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეფერხების გარეშე იქნეს მიღებული. მოგეხსენებათ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მიიღო 64-დან 8 საკრებულოში. აღნიშნული 8 საკრებულოდან 3 საკრებულოში ჩვენ უკვე შევძელით უმრავლესობის ფორმირება. დამატებით, მინიმუმ კიდევ ერთ საკრებულოში ახლო მომავალში შევძლებთ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მინიმუმამდე შემცირდება ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიის რესურსი, თუნდაც მინიმალური შეფერხება შეუქმნან მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა „ომის პარტიას“ და მის განზრახვას, პროვოკაციების გზით, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიონ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიცრუე, სიყალბე, ღალატი, „ომის პარტია“, მეხუთე კოლონა ვერასოდეს გაიმარჯვებს და ყოველთვის მძიმედ დამარცხდება. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ რუსთაველების, გარდაბნელების, ბათუმელებისა და მთლიანად, ქართული საზოგადოების მიერ არაერთგზის გამოცხადებული და დადასტურებული ნდობა გავამართლოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები