გადაჭარბებული სიჩქარის პრობლემა საგზაო უსაფრთხოებაში – რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაეროს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, საგზაო უსაფრთხოებაში სიჩქარის გადაჭარბება პრობლემურად რჩება.
როგორც კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სიჩქარის გადაჭარბების გამო მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ჩამოკლების აღსრულება სამეთვალყურეო კამერების მეშვეობითაც უნდა მოხდეს.
„ბოლო პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვმა, სამწუხაროდ, მოიმატა. იცით, რომ წინა წლებში კოვიდის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო, თუმცა, თუ 2021 წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გარდაცვლილების და დაშავებულების რიცხვი დიდად არ შემცირებულა. თუ სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის მიერ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდა, თუ კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა არ გამოსწორდა, თუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში მეტი ინვესტიცია არ მოხდა, სამწუხაროდ, ეს რიცხვი მოიმატებს.
მინდა, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს შევეხო – ესაა სიჩქარე. დღესაც პრობლემურად რჩება ის, რომ 15 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარია. ქალაქში დადგენილი სიჩქარე 60-იც, 70-იც, 50-იცაა და ამას + 15 ემატება. წარმოიდგინეთ, ავტომანქანა თუ, ფაქტობრივად, 80-ით, 90-ით მოძრაობს, ჯარიმა მინიმალურია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემასთან დაკავშირებული არ არის, ქულების ჩამოკლება არ ხდება. ეს სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. სისტემა მარტო ჯარიმების ამოღებაზე არ უნდა იყოს, პრევენციაზე უნდა იყოს მიმართული. ძალიან დამრღვევი მძღოლები მოძრაობას უნდა ჩამოვაშოროთ.
თუ გვინდა სიჩქარის ეფექტიანი მართვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს და სიჩქარის გადაჭარბებაზე მხოლოდ ჯარიმა არ უნდა იყოს და ისიც მინიმალური. იცით, რომ 40 კმ/სთ- ის ზემოთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 150 ლარია. ყველა ქვეყნის გამოცდილება, არა მარტო ევროპაზე ვსაუბრობ, სიჩქარის კონტროლის მაქსიმალურად ეფექტიან მენეჯმენტზეა დაფუძნებული, მეორე – რაც მნიშვნელოვანია – ის ძველი პრაქტიკა, რაც გვაქვს + 15 კმ/სთ, უნდა შეიცვალოს, თორემ ამ სისტემას აზრი არ აქვს.
ქულათა სისტემა, რომლის ადვოკატირებაზეც ვმუშაობდით და დამტკიცდა, ეფექტიანად ვერ იმუშავებს, თუ ის სიჩქარის დარღვევებზე არ იქნება მიბმული და ქულების ჩამოკლება ავტომატურად არ მოხდება. ქულებზეც მინდა, აღვნიშნო: 10 ქულა აკლდება იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარეს 15 კმ/სთ -ით გადააჭარბებ, 20 ქულა კი იმ შემთხვევაში, თუ 40 კმ/სთ-ით გადააჭარბებ. ეს არაფერია. ამას სისტემური ჩარევა, აქტიური მოქმედებები სჭირდება, თუ გვინდა, ისეთი ფაქტები ავიცილოთ, როგორიც გასულ კვირას მოხდა, როგორიც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ხდება“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებაცაა საჭირო. როგორც კვაშილავამ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სკოლების წინ ზონების მოწყობაა.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ზოგადად, სტატისტიკით, გარდაცვალების 36 % ქვეითებზე მოდის. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ასეთი მაჩვენებლები აფრიკის ქვეყნებსა და ისეთ ქვეყნებშია, სადაც საგზაო უსაფრთხოება საერთოდ არაა. როცა ვხედავთ, რომ ქვეითების გარდაცვალების ასეთი მაღალი რიცხვია, პრობლემა არა მარტო ქვეითებსა და მძღოლებშია, არამედ – ინფრასტრუქტურულ პრობლემებშიც. ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებაა საჭირო, განსაკუთრებით – სკოლების წინ ზონების მოწყობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე დაუცველები ბავშვები არიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემანელებელი ბარიერების მოწყობა, ნიშნების დაყენება. სასკოლო ზონების მოწყობა პრიორიტეტი უნდა იყოს. განათლების სამინისტროს მინდა, მივმართო, რომ ღონისძიებები განათლების კუთხითაც და სკოლების წინ უსაფრთხოების კუთხითაც უფრო აქტიურად განახორციელოს. ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ასეთი სტატისტიკაც არსებობს: საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევების 30%-ზე მეტი ახალბედა მძღოლების მიერ ხდება, რომელთაც გამოცდილება 1 წელი აქვთ. კანონი, რომელიც პრაქტიკულ პირობებში გამოცდის ჩატარებაზე შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კარგი ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის. უნდა ავამოქმედოთ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, ის პირდაპირ ქულებთან უნდა იყოს დაკავშირებული. პატრულის რაოდენობა შეზღუდულია, მას უამრავი ფუნქცია აქვს, ზოგჯერ ვერ ახერხებს ამის მონიტორინგს, ამიტომ, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემას ვიყენებთ“, – განაცხადა კვაშილავამ.
თამუნა შეყილაძე