ორბანი: სოროსი და ზელენსკი ჩვენს გამარჯვებას ეწინააღმდეგებოდნენ

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მომხრეებისადმი მიმართვაში ის ძალები დაასახელა, რომლებიც არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების ჩაშლას ცდილობდა, მათ შორის არის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯორჯ სოროსი.

ამის შესახებ Hungary Today წერს.

“იმდენად დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ ის მთვარიდანაც ჩანს, ბრიუსელიდან ხომ ზუსტად ჩანს. ქრისტიან-დემოკრატიულმა ეროვნულმა პოლიტიკამ გაიმარჯვა და ბრიუსელს უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის წარსული, ეს მომავალია”, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალაუფლების დიდი ცენტრები იყვნენ,  მაგრამ, მისი თქმით, ”ყოველი ცენტი, რომელიც მათ უნგრელ მემარცხენეებს მისცეს, გაფლანგული ფული იყო. როგორც ჩანს, უნგრეთის მემარცხენეები ჯორჯ სოროსის ყველაზე ცუდი ინვესტიცია იყო”.

”ეს გამარჯვება მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, რადგან ბევრი იყო დარაზმული ჩვენს წინააღმდეგ, მათ შორის, მემარცხენეები სახლში, მემარცხენეები საზღვარგარეთ, ბიუროკრატები ბრიუსელში, მმართველი იმპერიის ყველა ფონდი და ორგანიზაცია, უცხოური მედია და ბოლოს – უკრაინის პრეზიდენტიც კი“, – განაცხადა მან.

ორბანის თქმით, “მთელი მსოფლიო ხედავს, რომ უნგრელებს უყვართ თავიანთი ქვეყანა. ეს ევროპისთვის მესიჯია, რომ ეს არ არის წარსული, ეს მომავალია. ეს იქნება ჩვენი საერთო ევროპული მომავალი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები