ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ
რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული, ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები
. „სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სხვა ნებისმიერი მათი საჭიროებების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი”, – აღნიშნა პრემიერმა.