ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით
მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიწყო ქობულეთში ახალი ბულვარის მშენებლობა, რომელიც პირველ ეტაპზე არის დაახლოებით 1-კილომეტრიანი და შემდეგ ის ჩავა გვინდა ეს ბობოყვათამდე.
„კეთილმოეწყობა ეს არეალი და ვფიქრობ, იქნება ახალი მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამას გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომელიც უკავშირდება ურბანული განახლების პროექტებს და ეს პროექტებიც მაქსიმალურად დაჩქარდება, ვინაიდან ამინდმა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხელი შეუშალა პროექტის განხორციელების ტემპს”, – განაცხადა პრემიერმა.