ცესკო: გიორგი სიორიძის მიერ ცალკეული მედიასაშუალებებისთვის გაკეთებული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე მის პირად დამოკიდებულებას წარმოადგენს
გიორგი სიორიძის მიერ ცალკეული მედიასაშუალებებისთვის გაკეთებული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე მის პირად დამოკიდებულებას წარმოადგენს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე იოსელიანმა კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და საჩივრების შესახებ არსებულ მონაცემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დრომდე როგორც რუსთავში, ისე გარდაბანში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.
„რაც შეეხება ბათუმს, №79 საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარია შესული, მათ შორის 2 წარდგენილია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სამი კი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ. საჩივრები ეხება უბნის მოწყობის წესის დარღვევასა და პროცედურულ ხარვეზებს. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას თითოეულ საჩივარზე ექნება შესაბამისი რეაგირება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ პროცედურულ ხარვეზებს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს, შეისწავლის და გადაწყვეტილებებს მიიღებს რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში, დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა.
„საჯარო პოზიციას მედიაში აფიქსირებს ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძეც, რომელიც შეგახსენებთ, რომ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით ინიცირებული რეფორმის საფუძველზe, ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოში წარდგენილი წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილედ აირჩა.
მისი ერთ-ერთი განცხადება შეეხებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო აგიტაციის წესის შესაძლო დარღვევას, აღნიშნული კი საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური პოზიცია. განვმარტავთ, რომ გიორგი სიორიძის მიერ ცალკეული მედიასაშუალებებისთვის გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მის პირად დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და პერიოდულად გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ: ამომრჩევლების აქტივობაზე, ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარე საპილოტე პროექტზე და, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში გავაგრძელებთ აქტიურად თქვენს ინფორმირებას. აქვე მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე დარჩა სულ რაღაც 3 საათი“, – განაცხადა იოსელიანმა.