ცესკო-ს მონაცემებით, 12:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს; ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო-ს პრესსპიკერმა მედიას წარუდგინა ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებული მონაცემები.

„შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19 610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია. ბათუმში 12:00 სთ-ისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 15 738 (11,2%).

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხს და გამჭვირვალე გარემოს. ამ მიზნით, საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, რომელიც პირველად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე იყო გამოყენებული. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკო-ს ვებგვერდით – cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს – ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, ასევე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა აღნიშნულს საარჩევნო პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია და კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

დღეს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები